English / ქართული / русский /
შორენა მინდიაშვილივიქტორია რევიშვილი
ინვესტირების შესაძლებლობები და ეტაპები ენერგოეფექტურობის პროექტებში

ანოტაცია. ინვესტიციები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში ძალიან მომგებიანი შეიძლებაიყოს, ზრდის რა მოგებას 25%-ით,ამცირებს ენერგიის მოხმარებასა და ხარჯებს და აუმჯობესესაწარმოების კონკურენტუნარიანობას და შემოსავლიანობას. ზოგადად, მათი განხორციელებისტექნიკური რისკი მცირეა, უმჯობესდება პროდუქტის ხარისხი და სწრაფად განხორციელებადია.უფრო ფართო მასშტაბით, ისინი ამცირებენ სათბური აირების გამოყოფის ეფექტს და ხელს უწყობენ  ეკონომიკის გააქტიურებას.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, ენერგოკრედიტი.                                 

შესავალი

ენერგოეფექტურობა წარმოების სექტორში ნიშნავს იმავე რაოდენობის წარმოებას ნაკლები ენერგიის ხარჯვით ან გაზრდილ წარმოებას ენერგიის იმავე დანახარჯით. რეალურად, მცირდება ერთეული პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ენერგიის რაოდენობა, რაც ზოგავს თანხებს. ქვეყნების უმრავლესობა რჩება ძლიერ ენერგოინტენსიურ ქვეყნებად და მათი ენერგოინტენსიობა სამჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს (ე.ი. მათთვის საჭიროა სამჯერ მეტი ენერგია მშპ-ს ერთეულისთვის). ეს შეიძლება განპირობებული იყოს ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურით, კერძოდ მაშინ, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა კონცენტრირებულია ენერგოინტენსიურ მომპოვებელ და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან (სამთო მრეწველობა და მეტალები, ქიმიური, ქაღალდის და ხის წარმოება და გადამუშავება, მინის წარმოება). მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმებული იყოს ენერგიაზე ადრე არსებული დაბალი ფასებით, რაც არ ქმნიდა ენერგიის დაზოგვის საჭიროებას ეკონომიკის ყველა სექტორში.

ეკონომიკური გარდაქმნის სრულ დამკვიდრებას დრო სჭირდება და ბევრი საწარმო კვლავაც მუშაობს მოძველებული მოწყობილობებით და ტექნოლოგიებით (მათ არ გააჩნიათ ინვესტირების რესურსები ახალ მოწყობილობებში). ენერგოფასების ზრდასთან დაკავშირებით, ინვესტიციები ენერგოეფექტურობაში იძლევა საწარმოების მოდერნიზების და დანახარჯების კლების საშუალებას - ისინი შეიძლება ჩაითვალოს როგორც კომერციული ინიციატივები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს საწარმოს შემოსავლიანობის შენარჩუნება. ამავე დროს, უფრო მეტი ყურადღება ექცევა საწარმოების ზეგავლენას გარემოზე არა მხოლოდ რეგულატორის ან გარემოს დაცვის ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ინვესტორების მიერ. ინვესტიციები ენერგოეფექტურობაში ამ ზეგავლენის შემცირების ვალდებულებების დემონსტრირებას ახდენს.

საწარმოებისათვის ინვესტიციებმა ენერგოეფექტურობაში შესაძლოა გამოიწვიოს:

• შემცირებული ენერგოდანახარჯები, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ფინანსურ შემოსავლებზე;

• ენერგოფასების ცვლილებებისადმი შემცირებული მგრძნობელობა, რაც იძლევა უკეთესი დაგეგმვის საშუალებას;

• გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა, არა მხოლოდ მოკლევადიანი, როგორც ინვესტიციების პირდაპირი გამოძახილი, არამედ გრძელვადიანი - როგორც საწარმოს დანახარჯების სტრუქტურის ცვლილებების შედეგი;

• ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა რაც წარმოქმნის გაზრდილ შემოსავლებს;

• CO2-ის გამოყოფის შემცირება, კომპანიის რეპუტაციისა და გარემოს გაუმჯობესება. უფრო ფართო სახის სარგებელი მიიღება ენერგოეფექტურობაში ინვესტირების შედეგად: ინვესტორებისა და სარგებლის მიმღებთათვის გაზრდილი ენერგოეფექტურობის შედეგად მიღწეული საოპერაციო დანახარჯების შემცირება, ჩვეულებრივ, საკმარისზე მეტია ნებისმიერი დახარჯული ინვესტიციის უკან დასაბრუნებლად მაშინ, როცა თვით ინვესტიცია გაზრდის კომპანიის ახლანდელ და მომავალ კონკურენტუნარიანობას.

სესხის გამცემებისათვის ენერგოეფექტურობის შედეგად მიღწეული კარგად დოკუმენტირებული დანაზოგები უზრუნველყოფს უსაფრთხოების იმ ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ, შესთავაზონ უფრო კონკურენტული სესხები; ენერგოეფექტური მოწყობილობების მიმწოდებლები ხვდებიან მზარდ ბაზარს, რაც ზრდის მათ შემოსავალს და შტატს, შესაბამისად ხდებიან ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობები; მცირდება ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ ენერგიაზე, ძლიერდება მიწოდების უსაფრთხოება და ხდება პოლიტიკის მიზნების დაკმაყოფილება; ნახშირბადის ნაკლები გამოყოფა და დაბინძურების დონის დაწევა არგებს გარემოს; ნაკლები დაბინძურებისა (რაც პოზიტიურად აისახება ჯანმრთელობაზე) და ძლიერი ეკონომიკის შედეგად იზრდება სოციალური კეთილდღეობა.

***

ენერგოეფექტურობის ინვესტიციების ძირითადი სარგებელი ემყარება მათ მიერ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე მიღწეული დანახარჯების შემცირებას. ენერგოეფექტურობის ინვესტიციების უკუგების პერიოდი ძალიან ცვალებადია პროექტის ტიპიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადად 1,5 - დან 6 წლამდე პერიოდს მოიცავს, რაც შედარებით მცირე დროა სხვა კაპიტალურ ინვესტიციებთან შედარებით - ინვესტიციის უკუგების პერიოდი მცირდება რაც უფრო მაღალია ენერგიის ფასი და ენერგოდანაზოგი თითოეულ ინვესტირებულ დოლარზე. ზოგადად, ენერგოეფექტურობის ინვესტიციის შიდა დაბრუნების ტარიფი უფრო მაღალია ინვესტიციისათვის აუცილებელი ვალის მომსახურების პროცენტთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ინვესტიციის დაფინანსებისათვის გამოყენებულ თითოეულ დამატებით ვალს გააჩნია ნაკლები ზემოქმედების უნარი კომპანიის მოგება-წაგების ბალანსზე და რომ ინვესტიციის ძირითადი ფინანსური ეფექტი დადებითია.    

განახლებადი ენერგიის პროექტში ჩადებული ინვესტიციის სარგებელია ის, რომ ინვესტიცია აგრძელებს იაფი, სუფთა და საიმედო ენერგიის მიღებას დაფინანსების ანაზღაურებიდან მრავალი წლის შემდეგაც. განახლებდი ენერგიის პროექტების სიცოცხლის უნარიანობა განისაზღვრება დაახლოებით 15 წლიდან ბიოდიზელისათვის, მინიმუმ 30 წლამდე მცირე ჰიდროენერგოპროექტისათვის. ამგვარად, თუ ინვესტიცია ჩადებულია მცირე ჰიდროენერგოსადგურში და სესხი დაფარულია შვიდი წლის შემდეგ, კომპანიას რჩება კიდევ 20-ზე მეტი წელი სანდო, იაფი ენერგიის მიწოდებისათვის. ამგვარად, განახლებადი ენერგიის ბევრ ინვესტიციას აქვს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი შიდა დაბრუნების ტარიფი, ვიდრე ვალის ფინანსირების საპროცენტო განაკვეთი და რომ კომპანიის მიერ აღებულ ნებისმიერ დამატებით ვალს გააჩნია ნაკლები ზემოქმედების უნარი კომპანიის მოგება-წაგების ბალანსზე და რომ ინვესტიციის ძირითადი ფინანსური ეფექტი დადებითია.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტიციების განხორციელების სარგებელი ნათელია, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ ახორციელებენ საწარმოები ინვესტიციებს. ქვემოთ მოყვანილია აღნიშნულის სამი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა:

• პირველი, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიები ფოკუსირებულნი არიან ჩადონ ინვესტიცია მწარმოებლურობისა და შემოსავლების გაზრდაში. შედეგად, ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ენერგომენეჯმენტს;

 • მეორე, მიუხედავად მაღალკვალიფიციური ტექნიკური ექსპერტების ყოლისა, ტექნიკური დეპარტამენტები ძირითადად ფოკუსირებული არიან მიმდინარე საოპერაციო რუტინაზე, რაც ხელს უწყობს მწარმოებლურობას. მათ აკლით როგორც დრო, აგრეთვე ადამიანური რესურსები ენერგოეფექტურობის საკითხების სისტემატური გამოკვლევების, ინვესტირების და პოტენციური ენერგოეფექტურობის პროექტების დეტალური ანალიზისა და შეფასებისათვის;

საწარმოში კავშირი ტექნიკურ, ბიზნესდაგეგმვასა და ფინასურ ფუნქციებს შორის შესაძლოა იყოს სუსტ და შედეგად უფრო ფართოდ ვერ იქნას აღქმული ენერგოეფექტურობის ინვესტიციების პოტენციური სარგებელი და შესაბამისად, ის არ არის ჩასმული საწარმოს გრძელვადიან ფინანსურ გეგმაში. მიზეზის იდენტიფიკაციამ, რომელიც წარმოადგენდა ენერგოეფექტურობის პროექტების არ დაფინანსების საფუძველს, უნდა უბიძგოს საწარმოებს აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვისკენ.

ბევრი საწარმო დარწმუნებულია, რომ შეუძლია სარგებელის ნახვა ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებით, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ საიდან დაიწყონ და როგორ გააგრძელონ პროცესი. არსებობს უამრავი ტექნოლოგიური შესაძლებლობა რომელთა განხორციელებამ შეიძლება მიგვიყვანოს ენერგოეფექტურობის დრამატულ განვითარებამდე. ამავე დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს სხვა არატექნოლოგიური გადაწყვეტილებებიც (როგორიც არის ორგანიზაციული სისტემის, ლოჯისტიკის და მენეჯერული სტრუქტურების გაუმჯობესება). იმისათვის, რომ მიხვდეს თუ როგორი იქნება ოპტიმალური ინვესტიცია (ან ინვესტიციების კომბინაცია), საწარმომ უნდა გაიგოს თუ როგორ იყენებს ენერგიას ამჟამად და გააანალიზოს კავშირი მის ოპერაციებსა და ენერგიის მოხმარებას შორის და მის მიერ გამოყენებული ენერგიის ეფექტურობა. აგრეთვე უნდა იცოდეს, რა უნდა   იყოს მომავალში (არა მხოლოდ ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, არამედ მისი კორპორაციული სტრატეგიის თვალსაზრისითაც). საწარმოს შესაძლოა გაუჩნდეს ენერგოეფექტურობის ინვეტიციის უამრავი შესაძლებლობა _ ეს შეიძლება მოიცავდეს არსებული საქვაბეების შეცვლას, განათების სისტემის რეკონსტრუქციას, განახლებადი ენერგიის წყაროების ექსპლუატაციაში გაშვებას, თერმული იზოლაციის გაუმჯობესებას, ასევე მუშაობის სტილის შეცვლას, რომლითაც საწარმო მოქმედებს ან ახორციელებს მონიტორინგს, ან მართავს ენერგიის გამოყენებას. სამი მთავარი ეტაპი, რაც უნდა განახორციელოს საწარმომ, რომელსაც სურს გამოიკვლიოს და ცდილობს გამოიყენოს ენერგოეფექტურობის ინვესტიციის შესაძლებლობები, შეჯამებულია სქემაში და უფრო დეტალურა არის აღწერილი ქვემოთ: 

1. ენერგოაუდიტის მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი, პოტენციური პროექტების იდენტიფიკაცია, პოტენციური პროექტების შეფასება, სიცოცხლის უნარიანი პროექტების იდენტიფიკაცია;

2. სიცოცხლის უნარიანი პროექტების განხორციელება;

3. ენერგიის მოხმარების მართვა და მონიტორინგი.

ენერგოაუდიტი არის რენტაბელური ენერგოდაზოგვის შესაძლებლობების განსაზღვრა შენობების, პროცესების, ერთეულის დამზადების, მოწყობილობის ნაწილის ან ადგილის შექმნაში დროის მოცემულ პერიოდში. ის შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:

• მონაცემების შეგროვება, ენერგიის მოხმარების ძირითად მონაცემთა ჩათვლით, მისაღები სპეციფიკური სივრცისათვის, საიდანაც შესაძლებელია სარგებელის მიღება ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებიდან (მაგ., ინდივიდუალური შენობები ან წარმოების პროცესის ნაწილი, ან გათბობის, განათების წრედები შენობაში);

• მონაცემების ანალიზი იმის გასაგებად, თუ სად ხდება ძირითადი ენერგომოხმარება და სადაც შესაძლოა ხდება ენერგიის არაეფექტური მოხმარება და მოხდეს ფოკუსირება ენერგოდაზოგვის შესაძლებლობების გამოსავლენად.

• მონაცემთა ანალიზზე დამყარებული პოტენციური ენერგოდამზოგავი ინვესტიციების იდენტიფიცირება და ტექნიკური და არატექნიკური გადაწყვეტილებების მიღება არაეფექტური ენერგიის მოხმარების შესამცირებლად _ ამაში შესაძლოა ჩაერთოს საწარმოს თანამშრომელთა დიდი ნაწილი და არა მხოლოდ ტექნიკური ექსპერტები;

პროექტების შეფასება მათი სიცოცხლის უნარიანობის განასზღვრის მიზნით (რაც შესაძლებელია გამოისახოს ხარჯების შემცირებით პროცენტებში, ინვესტიციის მოგებით, ინვესტიციის NPV-თი ან უკუგების პერიოდით). შეფასების პროცესი აგრეთვე ითვალისწინებს ინვესტიციების უფრო მეტ ხარჯს და სარგებელს საწარმოსათვის, პროდუქტის მწარმოებლურობის ან ხარისხის გაუმჯობესების ჩათვლით, სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებას, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებს და საწარმოს ურთიერთობის შეცვლას საზოგადებასთან, მის თანამშრომლებსა და აქციონერებთან მიმართებაში. შეფასების პროცესის მიზანია, მიაწოდოს გადაწყვეტილების მიმღებებს საბოლოო ინვესტიციის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია;

• ყველაზე სიცოცხლისუნარიანი პროექტის (პროექტების) განსაზღვრა, დამყარებული შეფასების პროცესის შედეგებზე. შეფასების პროცესი იძლევა პროექტების პრიორიტეტებად დაყოფის საშუალებას, რაც გააადვილებს ყველაზე იმედის მომცემი პროექტების განხორციელებას.

• მუდმივი ენერგოაუდიტის განხორციელება ნებისმიერი საწარმოს ენერგო მოხმარების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მისი შედეგები გამოყენებული იქნება ყველაზე იმედის მომცემი ენერგოეფექტური ინვესტიციების შესაძლებლობების იდენტიფიცირებისათვის.

ენერგოაუდიტის შედეგებზე დაფუძნებული ყველაზე სიცოცხლის უნარიანი ენერგოეფექტური ინვესტიციების განხორციელება დამოკიდებულია ინვესტიციების ხასიათზე, მოითხოვს ადამიანური რესურსების ან საწარმოს დეპარტამენტების ფართო სპექტრს _ მათი დიაპაზონი მერყეობს მხოლოდ წმინდა ინჟინრული ხასიათის ცვლილებიდან საწარმოს ოპერაციებამდე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მხოლოდ წარმოების პროცესზე და მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებამდე, რაც მოიცავს საწარმოს ყველა ნაწილს. როგორც არ უნდა იყოს, ინვესტიციებმა შესაძლოა მოიტანოს რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული სარგებელი, როგორიც არის:

ფინანსური სარგებელი, განსაკუთრებით შემცირებულ ხარჯთან ან გაზრდილ მოგებასთან დაკავშირებთ;

• ოპერაციული სარგებელი, გაუმჯობესებული მწარმოებლურობის, კომფორტის და უსაფრთხოების და ენერგომომარაგების უსაფრთხოების ჩათვლით;

• გარემოს დაცვის სარგებელი, მდგრადი განვითარება, რესურსების კონსერვაცია და გამონაბოლქვის დაზოგვა, სათბურის ეფექტის გაზის შემცირების ჩათვლით.

ენერგიის მოხმარების მენეჯმენტი და მონიტორინგი საწარმომ უნდა განიხილოს   როგორც მისი მთლიანი ხარჯების მართვის ძირითადი კომპონენტი. ასევე, მათი საშუალებით საწარმოს შეუძლია განსაზღვროს ენერგოეფექტურობის ინვესტიციების ნაყოფიერება და მიღწეულია თუ არა ენერგომოხმარების მიზნები (შესაბამისი კორექტივების შეტანის შესაძლებლობა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში).

 • ენერგომენეჯმენტი განისაზღვრება როგორც საწარმოს მიერ მოხმარებული ენერგიის საუკეთესო შესაძლო გამოყენება ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვით. ენერგომენეჯმენტის სისტემა შესაძლებელია მოიცავდეს, მათ შორის, ენერგომოხმარების შესაბამისი პოლიტიკის, პროცედურების, სამოქმედო გეგმების და მიზნების ჩამოყალიბებას; მმართველი სტრუქტურების და პასუხისმგებლობების ჯაჭვის შექმნას ენერგოდანაზოგების მისაღწევად; პერსონალის ტრენინგს, მათი ცნობიერების ამაღლებას და მოტივაციას ენერგიის დასაზოგად და მონიტორინგის და მონაცემთა მოგროვების სისტემების ჩამოყალიბებას.

• ენერგომონიტორინგი მოიცავს ენერგიის მოხმარების რეგულარულ ჩაწერას_ხარჯისა და ძირითადი პარამეტრების, როგორიც არის გარე ტემპერატურა და დასაქმებულთა რაოდენობა, რაც ზეგავლენას ახდენს მათზე. ის  დახარჯული ენერგიის შესახებ იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დროულად უნდა გადაეგზავნოთ მის კონტროლზე პასუხისმგებელ პირებს. მონიტორინგი უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, რომელიც ტოვებს გაუმჯობესების საშუალებას. როდესაც გამოყენებულია ენერგოეფექტურობის ინვესტიციების ნაყოფიერების განსაზღვრისათვის, მაშინ ენერგომონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს კომპონენტების, მოწყობილობის და პროცესის დონეზე, ინვესტიციის ტიპიდან გამომდინარე.

დასკვნა

საწარმოებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა. აღნიშნული შესაძლებლობები განსხვავდება მოთხოვნილი ინვესტიციის რაოდენობის და მიღწეული კაპიტალდაბანდების უკუგების კოეფიციენტის შესაბამისად და მიდგომაც შესაძლოა იყოს განსხვავებული - მაგალითად, ტექნოლოგიური ან არატექნოლოგიური. თუმცა, დეტალური დაგეგმვის, ფინანსირების და განხორციელების შემთხვევაში, საწარმო გახდება უფრო კონკურენტუნარიანი, მომგებიანი და სტაბილური (ამას ემატება სხვა პოტენციური სარგებელიც). ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ინვესტიცია განხილული უნდა იქნას მათი ხარისხის შესაბამისად და დიდი ინტერესი ენერგოეფექტურობის ინვესტიციების მიმართ არ უნდა ნიშნავდეს, რომ ინვესტიციები იქნება მომგებიანი და აუცილებლად უნდა განხორციელდეს. იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა ენერგოეფექტურობის ინვესტიციის შესაძლებლობების დეტალურად შესწავლა, პირველი ეტაპისთვის საჭიროა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

• მაღალია თუ არა ენერგომოხმარება და ენერგოდანახარჯები? მაგალითად, წლიური ენერგოდანაზოგების მოცულობა საწარმოთათვის, რომლებმაც ენერგოკრედიტის სქემით მოიძიეს ფინანსები ენერგოეფექტური ინვესტიციებისათვის, მერყეობს მინიმუმ 26 000 აშშ დოლარიდან მაქსიმუმ 1,033 მილიონ აშშ დოლარამდე, საშუალო მნიშვნელბით 127000 აშშ დოლარი;

• მოძველებულია თუ არა  არსებული მოწყობილობა? მაგალითად, არის თუ არა მოწყობილობები საბჭოთა პერიოდის და მუშაობს თუ არა  საწარმო საბჭოთა მემკვიდრეობით;

• არსებობს თუ რა  პროდუქციის რაოდენობის ან ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა? შესაძლებელია თუ არა ენერგოეფექტურობაში ინვესტირების შესაძლებლობების გამოყენება  საწარმოო პროცესის შეცვლა/განახლებისათვის პროდუქციის რაოდენობის გაზრდის ან მისი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ერთდროულად.

• იმართება თუ არა კომპანიის ობიექტები და საწარმოო პროცესები ხელით? ავტომატიზებული მონიტორინგის და კონტროლის სისტემების შემოღება ყველაზე ხშირად არასერიოზულად განიხილება, მაგრამ შესაძლებელია ენერგიის მოხმარების გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდეს. თუ ყველა ზემოთ მოყვანილ კითხვაზე  პასუხი დადებითია, ნამდვილად საჭიროა ენერგოეფექტურობის ინვესტიციების შესაძლებლობების დეტალური გამოკვლევა.

გამოყებნებული ლიტერატურა

  1. http://www.eecgeo.org/ge/activities.htm
  2. http://geoeconomics.ge/?p=10742
  3. http://www.energocredit.ge/sites/default/files/best_practice_guide_ge.pdf
  4. http://eiec.gov.ge/თემები/დაცული-ტერიტორიები/Documents/Strategic-Document/ენერგოეფექტურობა-და-განახლებადი-ენერგიის-წყაროები.aspx